ადრეც ვწერდით, რომ ტაშკენტის გრანდ-სლემზე, რომელიც 5 მარტს დაიწყო და 3 დღეს გასტანს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ერთგვარად გადახალისებული შემადგენლობით წარდსგა, ვიდრე ეს მანამდე გამართულ დოჰას მასტერსზე და თელ-ავივის ტურნირებზე იყო.
ტაშკენტში გაშლილ ტატამზე პირველის მსგავსად, მეორე საშეჯიბრო დღეც ქართველი ძიუდოისტებისთვის უიღბლო გამოდგა და საპრიზო ადგილებამდე ვერ მიაღწიეს.
ფრიდონ გიგანმა (73კგ), პირველ წრეში უზბეკ ერტუტ ტურდუბაევს კი მოუგო, მაგრამ შემდეგ ბელგიელ ჟერონ კასესთან ვეღარაფერს გახდა და შეჯიბრს გამოეთიშა.
რაც შეეხება გიორგი შერაზადაშვილს (81კგ), ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი ქართველი ძიუდოისტი სასტარტო ბრძოლაში ტაჯიკ ხახნაზარ ნაზაროვთან დამარცხდა.
ვაჟების გარდა, ტაშკენტში ქალთა შორის იჭიდავა მარიამ ჭანტურიამ (70კგ), რომელმაც პირველი ბრძოლაში უზბეკი შოკისტა ნაზაროვა დაამარცხა, შემდეგ კი იაპონელ ჩიზურუ არაისთან წააგო.
ამრიგად, ორი დღის შემდეგ ქართულ ქულაბაში არცერთი სინჯის მედალი არ ჩხრიალებს. ტაშკენტის გრანდ-სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში უშანგი მარგიანი (90კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90კგ), გიორგი ჩიქოვანი (100კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) ჩაებმებიან.





