ევროპის სუპერლიგის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი თითქოს ოდნავ მინელდა, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ უეფა ასე მარტივად ამ ამბავს არ დაივიწყებდა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინმა ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ მიუხედავად პროექტის შეჩერებისა, იქ გაწევრიანებული გუნდების მიმართ გარკვეული სანქციები მაინც გატარდება.
რა თქმა უნდა, სასჯელი ყველა – თორმეტივე გუნდისთვის ერთნაირი არ იქნება და ასე ვთქვათ მალევე „აზრზე მოსულ“ კლუბებს შედარებით დაინდობენ, თუმცა ურჩებს მკაცრი სანქციები ელით.
ურჩებში კი „რეალი“, „ბარსელონა“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ გადიან, რომლებიც უკან არ იხევენ და არც იხტიბარს იტეხენ.
„ინგლისელების მიმართ შედარებით ლოიალურები ვიქნებით. პრემიერლიგის იმ 6 გუნდმა თავიანთი შეცდომა აღიარეს და გონსაც დროულად მოეგნენ.
რაც შეეხება ურჩებს, ყველამ ვიცით ისინი ვინც არიან. მათ ჰგონიათ, რომ დედამიწა ბრტყელია და მხოლოდ მათ ირგვლივ ტრიალებს. პასუხისმგებლობა ყველა კლუბს დაეკისრება, მაგრამ სხვადასხვანაირი. ამ საკითხზე აქტიურად ვმსჯელობთ“ – აღნიშნავს ჩეფერინი.
რაც შეეხება სასჯელს, წესების მიხედვით, უეფას მაქსიმალური სასჯელი სახით სუპერლიგაში გაწევრიანებული გუნდების 2 წლით ევროტურნირებიდან მოკვეთა შეუძლია.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





