UFC VEGAS 25-ის მეინ ქარდზე, დღეს ორმა ქართველმა იასპარეზა. პირველად მოხდა ისე, რომ UFC–ს ერთ ღონისძიებაზე, ტოპ 15-ში მყოფი ორი ქართველი გამოვიდა.
როგორც უკვე იხილეთ, თავდაპირველად ოქტაგონზე სუპერმსუბუქი დივიზიონის წარმომადგენელი, მერაბ დვალიშვილი ავიდა, რომელიც ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მოგვიანებით კი საქმეში გიგა ჭიკაძე ჩაერთო, მაგრამ როგორ ჩაერთო. მისი მეტოქე კაბ სვანსონი გახლდათ.
ჭიკაძეს ამ ორთაბრძოლამდე UFC–ში ხუთიდან ხუთი მოგება უფიქსირდებოდა და ის ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 15-ში მე-14 ადგილზე იყო.
ქართველმა, როგორც იტყვიან ამერიკელს „გამარჯობის თქმაც არ აცალა“ და პირველივე რაუნდში, შესანიშნავი ბოდი ქიქის ხარჯზე (რომელსაც „გიგა ქიქს“ უწოდებენ), ერთ წუთში ნოკაუტით დაამარცხა და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა!
„დღეს საქართველოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. მე და მერაბმა, ამ გამარჯვებით ქართველი ხალხი გავახარეთ. მინდა საქართველოს მთავრობას მივმართო. ვფიქრობ, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები, მეტ ყურადღებას ვიმსახურებთ.
თუ აქამდე ჩემი სახელი არ იცოდით, ახლა მას ყველა გაიგებთ. ვისურვებდი, რომ მომდევნო ბრძოლა მაქს ჰოლოვეისთან გავმართო. თუ ეს ვერ მოხერხდება, კარგი იქნებოდა ისეთ მეტოქესთან შეხვედრაც, როგორიც კელვინ კატარია“, – განაცხადა გიგამ.





