ინგლისის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ცუდი დროება უდგას. „მანჩესტერ იუნაიტედი“ რომ დაბეჩავებულია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამაც დაადასტურა. „წითელმა ეშმაკებმა“ პლეიოფში გასვლა ვერ შეძლეს და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლეს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ინგლისურ გუნდს გერმანიაში „ლაიპციგთან“ არ უნდა წაეგო, მაგრამ სულშერის შეგირდებმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვეს და 2:3 დამარცხდნენ. ამ გამარჯვებით გერმანულმა გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ქულებით გადაასწრო და მერვედფინალის საგზურიც გაინაღდა.
„იმედგაცრუებული და დამწუხრებულები ვართ. არ შეიძლება მეტოქეს 3 ბურთიანი უპირატესობა მისცე და შემდეგ იფიქრო მის გაბათილებაზე. გვიან გამოვფხიზლდით, როდესაც უკვე საკმაო ჩამორჩენა გვქონდა, თუმცა ბოლო წამებზე თითქოს მაინც გაჩნდა გადარჩენის შანსი.
ჩემპიონთა ლიგაზე მეტი კონცენტრაციით თამაშია საჭირო. აქ ისე იოლად ფონს ვერ გახვალ, ვთქვათ როგორც შიდა ჩემპიონატში. ძლიერი ჯგუფი შეგხვდა, თუმცა ეს არ გვამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში პლეიოფში უნდა გავსულიყავით. მნიშვნელოვანი ქულები თურქეთში დავკარგეთ, როდესაც „ბაშაქშეჰირთან“ წავაგეთ. სწორედ, ეს ქულები დაგვაკლდა მიზნის მისაღწევად.
რაც მოხდა, მოხდა. დამწუხრებულები ვართ, თუმცა გონს მალე უნდა მოვეგოთ და პრემიერლიგის მომდევნო ტურს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“ – ამბობს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი.





