საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა „პსჟ“-მ. პარიზულმა გრანდმა სტუმრად „ლიონეს“ 4:2 აჯობა. ამ მატჩში დუბლი გაიფორმა პარიზელთა ახალგაზრდა ვარსკვლავმა კილიან მბაპებ და ერთი ფრიად საინტერესო რეკორდიც შემოგვთავაზა.
საფეხბურთო სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ კილიან მბაპეს ანგარიშზე ლიგა 1-ში უკვე 100 გატანილი გოლია, რაც რეკორდს ნიშნავს. არა, ბუნებრივია ამ რაოდენობის გოლები საფრანგეთის ჩემპიონატის ისტორიაში სხვებსაც გაუტანიათ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორთან გვაქვს საქმე. კილიან მბაპემ ამის გაკეთება ყველაზე სწრაფად ანუ ახალგაზრდულ ასაკში შეძლო.
მბაპე ამჟამად 22 წლის და 91 დღის არის. აღსანიშნავია, რომ მბაპემ ჩემპიონატის ეგიდით 100 გოლი უფრო სწრაფად შეაგდო, ვიდრე ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.








