შოტლანდიაში, „სელტიკის“ 11 წლიანი ჰეგემონია დასრულებულია. გლაზგო „რეინჯერსმა“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ეს სტივენ ჯერარდის მწვრთნელობის პერიოდში მოახერხა.
უცხოურ მედიაში არარეთხელ გაიჟღერა, რომ „ლივერპულის“ ლეგენდა იურგენ კლოპის პირველი მემკვიდრე იქნება. გერმანელ სპეციალისტს მშობლიური ნაკრების მთავარ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო მის ადგილს ჯერარდს.
საწინააღმდეგოს ამბობს თავად სტივენ ჯერარდი. მისი თქმით, „ლივეპრულის“ გულშემატკივრებს არ სურთ რომ ის გუნდში მთავარ მწვრთნელად იხილონ.
„ლივერპულს ამჟამად იდეალური მწვრთნელი ჰყავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მე მიყვარს და პატივს ვცემ კლოპს. მსურს ის გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს.
მე რეინჯერსში ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ლივერპული ჩემი გული და სულია. მინდა თუ არა ერთხელ გუნდის მთავარი მწვრთელი გავხდე? დიახ, ეს ჩემი ოცნებაა.
ისე კი, ამ ეტაპზე თავად ლივერპულის ქომაგებს არ სურთ რომ მე მათი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდე. მათ იურგენ კლოპი ურჩევნიათ და ამაში გასაკვირი არაფერია. პირიქით, მხარს ვუჭერ ამ საკითხში“ – ამბობს სტივენ ჯერარდი.








