იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში „მილანმა“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რომელიც შესაძლოა საჩემპიონო რბოლაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.
„როსონერიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. უფრო მეტიც – „მილანი“ მარცხს ბეწვზე გადაურჩა და ანგარიში ოდენ არბიტრის მიერ დამატებულ დროში პენალტით გაათანაბრა.
„მილანი“ სატურნირო ცხრილში 53 ქულით მეორე ადგილზეა და თანაქალაქელ „ინტერს 3 ქულით ჩამორჩება.
შედეგით იმედგაცრუებულია „მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი.
„დღევანდელ დაპირისპირებაში რითმი და დინამიკა დაგვაკლდა. ძალიან გვსურდა გამარჯვება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. მოვლენები ისე განვითარდა, რომ ბოლოს ქულის გადარჩენაც სანატრელი გაგვიხდა. კარგია, რომ არ წავაგეთ, მაგრამ 3 ქულა მართლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა.
ვიცოდით, რომ უდინეზესთან მარტივი გასეირნება არ გვექნებოდა და რთული მატჩის მოლოდინში ვიყავით. მეტოქე დაცვაში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მათი ზღუდეების გავლა გვიჭირდა. ისე გამოვიდა, რომ ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ უფრო მეტი დავკარგეთ“ – აღნიშნა მილანის მთავარმა მწვრთნელმა.





