რუსეთის ქალაქი სოჭი, 29 აპრილიდან-2 მაისის ჩათვლით ბატუტზე ხტომაში რიგით 27-ე ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც სხვებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდული და დიდების ნაკრებებიც მონაწილეობენ.
გუნდურ ასპარეზობაში ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო სამეულამდე სულ ცოტა დააკლდათ.
ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ანა ლაფიაშვილის, მაია ბოჭორიძის, მარიამ რაგიმოვის, მარიამ სულთანოვას და ანანო აფაქიძის შემადგენლობით ფინალში გავიდა და საერთო ჯამში მეხუთე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, სამმა სპორტსმენმა (ბოჭორიძე, აფაქიძე, რაგიმოვი) ინდივიდუალურ ხტომებში ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება დიდებს, აქ საქართველოს ნაკრებს გამოცდილი ლუბა გოლოვინა ლიდერობდა, გუნდში კი მასთან ერთად ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, სოფიო დაშნიანი და ნანა გოგაშვილი იმყოფებიან. ქართველმა გოგონებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს და მედლებამდე სულ ცოტა დააკლდათ. პირველ ადგილზე რუსეთი გავიდა, მეორე ბელარუსი იყო, ბრინჯაოს მედლები კი ფრანგებმა მოიპოვეს.
ინდივიდუალურის ნახევარფინალში კი გოლოვინა, ჯანჯღავა და დაშნიანი იასპარეზებენ.