რაღა დარჩა. რამდენიმე დღეც და მისი უდიდებულესობა, ავსტრალიის ღია პირველობა სტარტს აიღებს. მელბურნის კორტებზე საჩოგბურთო ციებ-ცხელება 8 თებერვლიდან გაჩაღდება, მანამდე კი მონაწილეებს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუხდათ.
ქალთა შორის, 2020 წლის ჩემპიონი სოფია კენინია. ახალგაზრდა ამერიკელი ჩოგბურთელის ტრიუმფი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მეიჯორზე ჩემპიონობას შესაძლოა თავადაც ვერ იჯერებდა.
სოფია კენინი დიდი სლემის გათამაშებას სრულ მზადყოფნაში ხვდება, თუმცა მაინც ღელავს.
„არ დაგიმალავთ, ძალიან ვნერვიულობ. ჩემს კარიერაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დიდი სლემის ტურნირზე ჩემპიონის რანგში ვითამაშებ და ტიტულის დაცვა მომიწევს. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებ.
ეს ჩემთვის და ალბათ ყველა ჩოგბურთელისთვის განსაკუთრებული ადგილია. შევეცდები კორტზე ემოციები და ნერვები მოვთოკო, დანარჩენს ტურნირის მიმდინარეობა გამოაჩენს“ – ამბობს სოფია კენინი.








