საჩხერის „ჩიხურაში“ დაძაბული ვითარება კიდევ უფრო აირია და შესაძლოა დიდ სკანდალშიც გადაიზარდოს, რადგან ის მიზეზი რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ 12 ფეხბურთელი დაითხოვა სერიოზული ბრალდებაა და უსათუოდ გამოძიებას საჭიროებს.
გუნდის ხელძღვანელობა თვლის, რომ გათავისუფლებული ფეხბურთელები მატჩების ჩაწყობაში არიან ეჭვმიტანილნი.
იმერული გუნდი ფინანსურ სიდუხჭირესაც განიცდის. ერთ დროს უმაღლეს ლიგაში და ევროთასებზე მოთამაშე საჩხერული გუნდი ახლა სულს ღაფავს და მეორე ლიგაშიც 5 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
კლუბიდან გაშვებული ფეხბურთელები საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე მივიდნენ, თუმცა იქ პოლიციელების კორდონი დახვდათ და ტერიტორიაზე შესვლის ნება არ მისცეს.
ფეხბურთელები აცხადებენ, რომ გუნდიდან უსამართლოდ არიან გაშვებულები და კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ანუ ხელფასის სრულად ჩარიცხვას ითხოვენ.
საჩხერის „ჩიხურას“ ხელმძღვანელობა ამ დრომდე დუმს და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.





