,,მასთან მივირბინე და დავრწმუნდი რომ ნოკაუტში იყო. ორი გამთანაბრებელი გოლის გატანამ იმხელა სიხარული მიანიჭა, რომ მღელვარებისგან გონება დაკარგა”, – ამბობს 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის არბიტრი გრიფიტე ურუგვაელ ხუან ჰოჰბერგზე.
შეხვედრა კი მართლაც დრამატული გამოდგა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ურუგვაი მიმდინარე პირველობის გამოკვეთილ და იმ ხანებში დაუმარცხებელ უნგრეთის ,,დიდ გუნდს” ხვდებოდა. მთელი სამყარო სულგანაბული იყო და ამ მოლოდინმაც გაამართლა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ევროპელები სახელოვან მეტოქეს 2:0–ს ამარცხებდნენ, თუმცა 75–ე და 86–ე წუთებზე გატანილი გოლებით გერმანული წარმოშობის ურუგვაელმა ანგარიში გაათანაბრა. სწორედ, მეორე გოლის აღნიშვნისას, როცა მუშტებშეკრული და ხელებაღმართული თავდასხმელი სიხარულით ხტოდა უეცრად მიწაზე დაეცა.
თავიდან ვერავინ ვერაფერს მიხვდა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ დადგინდა, რომ მას სიხარულით გული გაუჩერდა და ენერგიულად დაიწყეს კუნთის მასაჟი. მხოლოდ ამის მერე დაუბრუნდა ურუგვაელთა ლიდერს სიცოცხლის ნიშანწყალი. მან მინდორზე დაბრუნება დამატებით დრომდე ვეღარ შეძლო, სადაც მისი გუნდი უკვე 4:2 დამარცხდა.





