17:0 ან 0:17 ორი მატჩის ჯამში. როგორც გნებავთ, ანგარიში ისე ვატრიალოთ, რა მნიშვნელობა აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ხომ ჯამი არ იცვლება.
პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც 9 დეკემბერს თბილისში გაიმართა და ლანჩხუთის ქალთა გუნდმა შვედურ „როზენგართთან“ 0:7 წააგო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნირწამხდარი გოგონები გაამხნევა – აქამდე რომ მოვედით უკვე სასწაულია და ეს რომ მოხდებოდა წინასწარ ხომ ვიცოდითო.
დიახ, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა მართლა შეუძლებელი შეძლო, ის რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში კაცებმა ჯერჯერობით ვერ გააკეთეს და ისიც მართალია, რომ შვედებთან განწირულები იყვნენ.
განმეორებით მატჩში კი სკანდინავიელებმა გურული გოგონები 10:0 დაამარცხეს. სამწუხაროა, რომ ორნიშნა ანგარიში დაფიქსირდა, თუმცა მოსალოდნელი კი იყო.
ლანჩხუთის გუნდიდან კი ისევე როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც საუკეთესო მეკარე თათია გაბუნია იყო. 10 გოლი კი გაუშვა, მაგრამ 18 სეივი განახორციელა. პირველ დაპირისპირებაში კი 21-ჯერ გადაარჩინა გუნდი გოლის გაშვებას.





