ფეხბურთში სხვადასხვა სახის რეკორდები ჩვეულებრივი ამბავია. არის განსაკუთრებული და შედარებით მოკრძალებული მიღწევები.
ასე მაგალითად, კრიშტიანო რონალდუმ განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირა და ოფიციალურ მატჩებში 760 გატანილი გოლით საფეხბურთო ისტორია გადაწერა, თუმცა იმავე დღეს, კიდევ ერთი საინტერესო შედეგი დაფიქსირდა.
რობერტ ლევანდოვსკიმ ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს გერდ მიულერს გადაუსწრო. საუბარია ბუნდესლიგაზე, უფრო თუ დავკონკრეტდებით გერმანიის ჩემპიონატის პირველ წრეზე.
„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მე-17 ტურში „აუგსბურგს“ სტუმრად 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან „რეკორდმაისტერის“ პოლონელმა ფორვარდმა შეაგდო. ამით მას 22 გოლი დაუგროვდა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
ძალიან ნუ დაიბნევით – ბუნდესლიგის პირველ წრეზე მოგახსენებთ. 22 გოლი, ბუნდესლიგის საწყის 17 ტურში აქამდე არავის არასოდეს გაეტანა. გერდ მიულერის რეკორდი კი წლების მანძილზე ხელუხლებელი იყო. დიდებულმა გერმანელმა ფორვარდმა 20 გოლი, 1968/69 წლების სეზონში გაიტანა.





