მსოფლიო რაგბიმ ოქტომბერსა და ნოემბერში დაგეგმილი ტესტ-მატჩების განრიგი გამოაქვეყნა, რომლებიც “შემოდგომის ერთა სერიის” ფარგლებში ჩატარდება. საუბარია იმ შეხვედრებზე, რომლებშიც პირველი დონის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
განრიგის თანახმად, საქართველოს ეროვნული გუნდი შემოდგომაზე ელიტარულ ნაკრებებთან ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” საფრანგეთს ბორდოს სტადიონზე ეთამაშებიან. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში ქართველი მორაგბეები კიდევ ორ ტესტს გამართავენ, თუმცა მე-2 დონის ნაკრებებთან. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს, შესაძლოა, ფიჯი და სამოა ესტუმრონ.
შეგახსენებთ, რომ წელს 2 ივლისს საქართველოს ნაკრები პრეტორიაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა და 9:40 წააგო.








