რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, პორტუგალიის ნაკრების დამარცხების (16:29) შემდეგ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვების მოპოვება შევძელით. კვირის განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა, გვყავდა ახალი მოთამაშეები და ვთვლი, რომ ყველაფერი აუცილებლად წავა კარგისკენ. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო თამაში არ იყო, ბევრი პოზიტივის წამოღებაც შეიძლება. კარში იმიტომ არ ვარტყავდით, რომ მოლში და ძალისმიერ თამაშში ბევრად ვჯობნიდით და ვცდილობდით ეს გამოგვეყენებინა, ეს მეტნაკლებად გამოგვივიდა“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრას 14 მარტს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა კვლავ სტუმრად ჩატარდება.





