სარაგბო კლუბი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი და გუნდის დამფუძნებლები იოსებ ტყმალაძის მხარდამჭერ მიმართვას ავრცელებენ.
“საქართველოს ყველაზ ტიტულოვანი გუნდის, სარაგბო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ დამსახურებული მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი და კლუბის დამფუძნებლები ვემიჯნებით ქართულ რაგბში არსებულ დაპირისპირებას.
ვფიქრობთ, რომ ეს ქართულ რაგბის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დღევანდელი ყრილობის მშვიდობიანად ჩატარებას და წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატ იოსებ ტყემალაძეს თანადგომას ვუცხადებთ.
მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ამ ადამიანს შეუძლია განმუხტოს დაძაბულობა, გააერთიანოს რაგბის ოჯახი და უზრუნველყოს ქართული რაგბის განვითარება.
ჩვენ, რაგბის კავშირში შემავალ სხვა კლუბებსაც მოვუწოდებთ, რომ აღნიშნულ კანდიდატს მხარი დაუჭირონ,“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ბენდიაშვილი ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერ 400 კაციან სიაში ირიცხებოდა, თუმცა როგორც ჩანს მან გადაწყვეტილება შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნბია, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე იღებს. მანამდე, პირველი ყრილობა 24 თებერვალს ჩატარდა, თუმცა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო დელეგატებმა პრეზიდენტი ვერ აირჩიეს.
უფრო ადრე, 2020 წლის 30 დეკემბერს „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. 6 იანვარს საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა, მიზეზად კი წესდების შეუსაბამოდ ჩატარებული ყრილობა დასახელდა. ირაკლი აბუსერიძე ახალ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სხდომას არალეგიტიმურად მიიჩნევს.








