25 მარტს, საქართველოს ნაკრები მორიგ შესარჩევ ფერხულში ჩაერთო. სამწუხაროდ, ვილი სანიოლის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა. ჯვაროსნებმა შვედეთთან სტოქჰოლმში 0:1 წააგეს.
ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი კვიპროსული „ანართოსისის“ დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ბერძნულ მედიასთან ისაუბრა და სკანდინავიელებთან ჩვენი გუნდის თამაში შეაფასა.
„საქართველოს ნაკრებს ახალ მწვრთნელთან ერთად, ბევრი ახალწვეულიც ჰყავს. რთული მატჩი გამოდგა, თუმცა ვილი სანიოლის სათამაშო სტილი მომეწონა.
საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა და ოდნავ რომ გამართლებოდათ შვედეთიდან მინიმუმ ქულას წამოიღებდნენ.
მარცხის მიუხედავად, გუნდი ორგანიზაბულად გამოიყურებოდა. დაცვის რგოლმა შესანიშნავად ითამაშა და არც სწრაფ კონტრშეტევებზე ამბობდნენ უარს.
კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა გამიჭირდება. საქართველოს ნაკრებში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეა, რომლებსაც ბევრის დამტკიცება შეუძლიათ.
საბერძნეთთან რა იქნება? გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების დაუფასებლობა არ ღირს“ – უთხრა თემურ ქეცბაიამ ბერძნულ პრესას.





