საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ქალაქ ბადახოსში რამდენიმე საათის წინ ჩაფრინდა. ვილი სანიოლის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებს სწორედ ამ ქალაქში დაუპირისპირდება

ქართველი ფეხბურთელები ესპანეთში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ნაკრებს ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა.

4 სექტემბერს, თამაშის დაწყებამდე 24 საათით ადრე ვილი სანიოლი მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი გუნდი ბადახოსის სტადიონზე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსნებთ, რომ შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება.





