საქართველოს ფუტზალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატთან ხელის გაწვდენაზეა. საამისოდ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი. მართალია, რთული მაგრამ არა უტოპიური.
9 აპრილი შეიძლება დღესასწაულად ვაქციოთ. თარიღიც როგორი სიმბოლურია. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საფრანგეთის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, პირველად ისტორიაში საქართველოს ფუტზალის ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატს კი ავთანდილ ასათიანის შეგირდები სომხეთის ნაკრების ორჯერ ძლევით მიუახლოვდნენ. 5 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში თბილისში 5:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დღეს ერევანში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ერევნული დაპირისპირება, თბილისურისგან განსხვავებით მეტად დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშითაც მეტყველებს. მართალია, საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება შეძლეს. ჩვენ გუნდს გამარჯვება ელისანდრომ მეტად ეფექტური გოლით მოუტანა – 3:2.
ამრიგად, 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და როგორც უკვე ვთქვით, 9 აპრილს თბილისში საფრანგეთის დამარცხების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც ჩაიჯიბავს.





