„ლივინგსტონი“ რომ შოტლანდიური გუნდია ფეხბურთის ქომაგებს კი ეცოდინებათ, მაგრამ ვეჭვობთ მათმა დიდმა ნაწილმა მისი მწვრთნელის ვინაობა დაუფიქრებლად გითხრან. კაცმა რომ თქვას არც არის გასაკვირი, დევიდ მარტინდეილი საქვეყნოდ სახელგანთქმული სპეციალისტი ნამდვილად არ გახლავთ.
ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და ამ შოტლანდიელმა მწვრთნელმა „ლივინგსტონი“ წარმატებით აათამაშა და ჩემპიონატში, ბოლო 9 მატჩიდან 8 მოაგებინა და არც ის ერთი წაუგია. გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის.
ამასობაში კი დევიდ მარტინდეილს შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინო, ოღონდ არა გუნდის მესვეურებმა, არამედ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ. საქმე იმაში გახლავთ, რომ პატივცემული მარტინდეილი, 2006 წელს დააპატიმრეს და 4 წელი ციხეში იჯდა. მას ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა და ფულის გამოძალვა ედებოდა.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან პატიოსანი ცხოვრება დაიწყო და აგერ შოტლანდიის მასშტაბით ხელშესახები საფეხბურთო მწვრთნელიც გახდა, თუმცა როგორც ავღნიშნეთ შესაძლოა პროფესიას ჩამოაშორონ. ფეხბურთის ფედერაცია და სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს, მისი კრიმინალური წარსულიდან გამომდინარე ეთიკურად რამდენად მიზანშეწონილია მარტინდეილის თანამდებობაზე დატოვება.
„ძალიან გავნაწყენდები თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და უღირსად ჩამთვლიან. წარსული, წარსულია. აბა როგორ უნდა მოხდეს ადამიანთა რეაბილიტაცია, რომლებსაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ და ციხეში მოუხდათ ყოფნა? გინდათ, რომ კვლავ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ?
შოტლანდიის ფეხბურთის ხელმძღვანელები კარგად უნდა დაფიქრდნენ. იმედია საღი აზრი გაიმარჯვებს“ – აღნისნავს დევიდ მარტინდეილი.




