UFC-ს ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 26 სექტემბერს, ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC 266-ზე ტოპ 10-ის წევრს, მარლონ მორაესს დაუპირისპირდა და დაამარცხა. მორაესი თავის წონით დივიზიონში, მეექვსე ადგილს იკავებდა.
ბრაზილიელს ამ შეხვედრამდე, MMA-ში გამართული სულ 32 ბრძოლა ჰქონდა. 23 შემთხვევაში გამარჯვების მოპოვება შეძლო, რვაჯერ კი დამარცხდა. ის UFC-ში 2017 წლიდან ასპარეზობს. უკანასკნელად მან ორი ორთაბრძოლა 2020 წელს გამართა და ზედიზედ ორი მარცხი განიცადა. მისი დამარცხება ქორი სანდჰაგენმა და რობ ფონტმა შეძლეს.
დვალიშვილს კი პროფესიონალურ კარიერაში გამართულ 17 ბრძოლაში, 13 გამარჯვება უფიქსირდებოდა. ქართველ სპორტსმენს ბოლო ექვსი გამოსვლა მოგებით აქვს დასრულებული. ბოლოს მან მიმდინარე წლის ორ მაისს იბრძოლა და კოდი სტამანი დაამარცხა. ამის შემდეგ კი ტოპ 10-ის წევრი გახდა.
რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ორივე მებრძოლმა პირველი რაუნდის აქტიურად დაწყება სცადა. რაუნდის დებიუტში, მერაბმა მეტოქეს საკმაოდ ძლიერი დარტყმა გაუტარა, რის შედეგადაც წონასწორობა დაკარგა და ბრაზილიელმა სცადა, რომ ესარგებლა.
ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მეტოქეს საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა, მაგრამ ქართველმა მებრძოლმა თავი დააღწია და უპირატესობა მოიპოვა. პირველი რაუნდის მეორე ნახევრიდან, მერაბი დომინირებდა და მორაესს ძლიერადაც ურტყამდა.
მეორე რაუნდი კი სრულად ქართველი მებრძოლის უპირატესობით წარიმართა. ბრაზილიელი მეტოქის მცდელობა, გაქცეოდა დვალიშვილს უშედეგო იყო. საბოლოოდ კი, მსაჯმა გადაწყვიტა, რომ რაუნდნახევარი საკმარისი იყო იმისათვის, რათა გამარჯვება მერაბს დარჩენოდა.
ამრიგად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო.




