ბოსტონ სელტიკსის საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს ბრედ სტივენსს მიაჩნია, რომ კლუბმა დრაფტის 45-ე ნომრად აუცილებლად “მაღალი” კალათბურთელი უნდა დაუმატოს.
Fansided-ის რენდოლფ ჩარლოტინი დრაფტის 45-ე ნომრად ბოსტონისთვის სამ ვარიანტზე წერს. ჩარლს ბესეისთან და ჯერიკო სიმსთან ერთად საუბარი, სანდრო მამუკელაშვილზეა.
“სელტიკსის ახალმა თავკაცმა იმე უდოკამ განაცხადა, რომ სურს მისმა გუნდმა ბურთით უკეთ ითამაშოს. ამისთვის კი დრაფტის კანდიდატ “მაღლებში” არ არის უკეთესი ვარიანტი, ვიდრე სანდრო მამუკელაშვილია. უდოკამ თქვა: “ბოდიში ბრედ, მაგრამ 27-ე ადგილი ასისტებში ბოლო სეზონში ძალიან ცუდია, მეტი გუნდური თამაში გვმართებს”.
როგორი გრძელი გვარიც აქვს, ისეთი სრულია მისი შეტევითი შესაძლებლობების ჩამონათვალი. სპურტის დროს სანდროს გამთამაშებლად შეუძლია თამაში. უნდა ნახოთ, როგორ მიაქვს ბურთი დაცვითი მოხსნის შემდეგ, მას შეუძლია თანაგუნდელის სასროლ პოზიციაზე გაყვანა. მამუკელაშვილს შეუძლია ნახევარი მოედანი გადალახოს და თანაგუნდელს კარგი პასი მისცეს, ან თავადვე დაასრულოს შეტევა ორივე ხელით. ეს უჩვეულოა “მაღლისთვის”, მამუკელაშვილი კი ამ ყველაფერს შეუფერხებლად აკეთებს.
მამუკელაშვილი არც სამიანების სროლას ერიდება, თუმცა 33%-ზე უკეთესი სიზუსტე კარგი იქნებოდა. მისი დაცვითი უნარებიც შეზღუდულია. თან ის სენიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულ პოტენციალამდე, მას ბევრი არც აქვს მოსამატებელი. მაგრამ თუ ის შეძლებს პროდუქტიულად თამაშს სკამიდან, მამუკელაშვილი გუნდში თავის ადგილს იპოვის”.





