საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან პირველ მატჩამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა.
ბორჯღალოსნების კაპიტანის, მერაბ შარიქაძის განცხადებით, ხვალინდელი მატჩისთვის გუნდი კარგად მოემზადა და წარმატების მისაღწევად მოთამაშეები ბოლომდე დაიხარჯებიან.
„მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია, მით უმეტეს ზედიზედ ორი და თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთ აფრიკა ძალისმიერ რაგბთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ველოდებით მოედანზე გასვლას“, – აღნიშნა შარიქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტესტ-მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.








