წინა ტურში გორში მოპოვებულ მნიშვნელოვან და შეიძლება ითქვას სენსაციურ გამარჯვებას, „სამგურალმა“ უკვე შინ ასევე დამაჯერებელი თამაში და დამსახურებული 3 ქულა მიამატა.
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, წყალტუბოელებმა ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლეს და დაძაბულ დაპირისპირებაში მინიმალური სხვაობით – 1:0 სძლიეს.
სოსო ფრუიძის შეგირდები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც სერგო კუხიანიძემ ქობულეთელთა კარის ბადე შეარხია და როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს მატჩის ერთადერთი გოლიც გამოდგა.
„შუქურას“ კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ქობულეთელები უკვე მეხუთე მატჩია ვერ იგებენ, აქედან 3 საერთოდაც წააგეს. „სამგურალთან“ მატჩში კი „შუქურას“ საქმე იმანაც გაურთულა, რომ შეხვედრის მიწურულს კაცნაკლული დარჩა, როდესაც არბიტრმა მოედნიდან რეხვიაშვილი გააძევა.
„სამგურალი“ 19 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „შუქურა“ 14 ქულით მე-7 პოზიციაზეა.





