როტერდამში მიმდინარე „ტოკიო 2020“-ის წყალბურთელთა სალიცენზიო ტურნირზე ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
წილისყრის შემდეგ, რაც ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა, იმთავითვე დაისახა მიზანი, რომ მინიმუმ 3 თამაში უნდა მოგვეგო.
ასეც მოხდა. ცნობილ და უკვე არაერთხელ ნათქვამ მიზეზთა გამო თურქეთთან ჩათვლილი მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მესამე ტურში კანადის გუნდი 14:11 დაამარცხა, ხოლო დღეს მათ ბრაზილიელებიც მიაყოლა – 12:8. მატჩის საუკეთესო წყალბურთელად ნიკა შუშიაშვილი აღიარეს, რომელმაც თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.
წყვილის ფავორიტად ისედაც ქართველი წყალბურთელები ითვლებოდნენ და მათაც მეტოქეს სოლიდური უპირატესობით აჯობეს. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა მთავარი ხომ შედეგია. ტაბლოზე კი დაფიქსირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა მესამე გამარჯვება მიითვალა და „ტოკიო 2020“-ის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ნაკრებშ სერბი მთავარი მწვრთნელის დეიან სტანოევიჩის ხელი აშკარად სასიკეთოდ დაეტყო. როტერდამის ტურნირზე ფიზიკურადაც და თამაშის ხარისხითაც გუნდი მატჩიდან-მატჩამდე უმატებს.
ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 თებერვალს მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





