ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც წესით 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს არავითარ შემთხვევაში აღარ გადაიდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც 31 მაისამდე იმოქმედებს. არ არის გამორიცხული, ამომავალი მზის ქვეყნის მთავრობამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივოს ან მოგვიანებით ისევ გამოაცხადოს და უშუალოდ თამაშების ჩატარების პერიოდს დაემთხვეს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და „ტოკიო 2020“-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის თქმით, იაპონიის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ნებისმიერ ვითარებაში მაინც გაიმართება.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უსაფრთხოების ზომები, რომელიც მივიღეთ და ვანხორციელებთ აკმაყოფილებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს.
ტოკიოში უკვე გაიმართა სატესტო შეჯიბრებები და არანაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთხვევაში თუ იაპონიაში და კერძოდ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოლიმპიური თამაშების თარიღების დროსაც ძალაში იქნება, „ტოკიო 2020“ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ჩატარდება“ – აღნიშნავს ჯონ კოუტსი.








