ეროვნული ლიგის 21-ე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში თბილისის „საბურთალომ“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
ქუთაისური კლუბის გარშემო განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისელებს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაუპირისპირდა, რაც ბუნებრივია შედეგზეც შესაბამისად აისახა.
შეხვედრა თავიდანვე დედაქალაქური გუნდის უპირატესობით დაიწყო და მთელი თამაშის განმავლობაში ამავე სცენარით გაგრძელდა. ანგარიში 30-ე წუთზე ტაბატაძის საგოლე გადაცემის შემდეგ აკაკი შულაიამ გახსნა. 42-ე წუთზე შულაიას გამჭოლ გადაცემას ოგაგა ოდუკო ზუსტად გამოეხმაურა და „საბურთალო“ შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.
შეხვედრის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ხვიჩა შუბითიძის გუნდი სათამაშო უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეტოქეს მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა. 52-ე წუთზე საჯარიმო ნიშნულიდან აკაკი შულაის ჩაწოდებულ ბურთს შოთა ნონიკაშვილი გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.
კახა ჩხეტიანის გუნდი ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე დაქვეითდა, „საბურთალომ“ კი 35 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილი შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ არსებული ფინანსური კრიზისის გამო ძიდითადი გუნდის ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს, შესაბამისად, პრობლემების აღმოფხვრამდე კახა ჩხეტიანის გუნდს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებით მოუწევს თამაში.





