რამაზ შენგელიას სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. “საბურთალომ” წყალტუბოს “სამგურალი” მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა და თბილისური გუნდი 2021 წლის საქართველოს თასის ჩემპიონი გახდა.
ლევან კორღალიძის გუნდმა ფინალამდე “სპაერი”, გორის “დილა”, “გარეჯი” და ბათუმის “დინამო” დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე იური ტაბატაძემ გაიტანა და თავის გუნდს ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს “სამგურალმა” თასის ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო. გასულ წელს იმერლები გაგრასთან დამარცხდნენ.
ლევან კორღალიძის გუნდმა ბოლოს დავით ყიფიანის სახელობის თასი 2019 წელს მოიპოვა, როდესაც ფინალში თბილისის “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა.
ასე, რომ თბილისის “საბურთალო” 2021 წლის საქართველოს თასის ჩემპიონია და დედაქალაქური გუნდი საქართველოს უეფას კონფერენს ლიგაზე წარადგენს.





