რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და პირველივე წუთებზე შევძელით ქულების აღება. სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა და მალევე მივიღეთ საპასუხო ლელო. თამაშის განმავლობაში როცა უპირატესობას ვიღებდით უკანვე გვეწეოდა ჩვენივე შეცდომები, თუმცა ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ესპანეთის ნაკრები გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე პორტუგალია, ასე რომ, რაც იყო დაგეგმილი, სტუმრად მოგება, შევასრულეთ. კარგი იქნებოდა, ბონუს ქულით მოგვეგო შეხვედრა და ლელოს თუ დავდებდით ამას მოვახერხებდით, თუმცა ბოლოს რთული თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში უფრო გონივრული თამაში იყო დისციპლინის კუთხით, მეორე ტაიმში კი ბევრი არასასურველი ჯარიმა ავიღეთ. თუმცა ამ ყველაფერზე ვმუშაობთ. ახალგაზრდები არიან გუნდში და მათი ემოცია სჭარბობს, ასეთი მატჩებიდან კი მოთამაშეები იზრდებიან და ემოციურადაც წყნარდებიან“, – განაცხადა მაისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეორე ტურში „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთს სტუმრად 19:25 სძლიეს. ქართველი მორაგბეები მომდევნო შეხვედრას ერთ კვირაში, სტუმრად რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.





