მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, სერბეთის ნაკრები შინ პორტუგალიას დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ბელგრადული ჯახი უხვგოლიანთან და დაძაბულთან ერთად, სკანდალურიც გამოდგა. პორტუგალიელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 15 წუთიან ინტერვალში სერბებმა ანგარიში გაათანაბრეს.
სტუმრებმა მატჩის მიწურულს მაინც გაიტანეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა დანი მიკელმა კრიშტიანო რონალდუს 100 პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა. აღშფოთებულმა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მსაჯის გადაწყვეტილება მძაფრად გააპროტესტა, შემდეგ კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და მოედანზე მოისროლა.
რონალდუს სამკლავური ხელში სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჩაიგდო და მფლობელმა მისი საქველმოქმედო მიზნით გამოყენება გადაწყვიტა.
სტადიონის თანამშრომელმა რონალდუს სამკლავური აუქციონს გადასცა და შემოსული თანხა ექვსი თვის ჩვილის, გავრილო ჯურჯევიჩის ჯანმრთელობას მოხმარდება, რომელსაც ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და მის მკურნალობას დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო სჭირდება. ბავშვის ოჯახს კი ხსენებული თანხა არ მოეპოვება და როგორც ცნობილია, მის შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ.





