იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში საინტერესო ამბები განვითარდა. კერძოდ, შეიცვალა ლიდერი და სატურნირო ცხრილში „მილანი“ პირველ ადგილიდან თანაქალაქელმა და მთავარმა მტერმა „ინტერმა“ ჩაანაცვლა.
„ნერაძურიმ“ ეს „ლაციოს“ დამარცხებით შეძლო. ანტონიო კონტეს შეგირდებმა რომაელები 3:1 დაამარცხეს, სადაც დუბლით გამოირჩა რომელუ ლუკაკუ.
„ინტერის“ გალიდერებასთან ერთად, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი სწორედ ბელგიელ ფორვარდს უკავშირდება. 27 წლის შემტევის მიერ „ლაციოს“ კარში გატანილი გოლებიდან მეორე თავისთვის ისტორიული გამოდგა. ლუკაკუმ კარიერაში უკვე 300 ოფიციალურ გოლს მოუყარა თავი, რომელშიც საკლუბოსთან ერთად სანაკრებოც შედის.
ბელგიის ეროვნულ გუნდში ლუკაკუმ თავი 57-ჯერ გამოიჩინა, კლუბებიდან კი ყველაზე მეტი გოლი ამჟამინდელ გუნდში „ინტერში“ აქვს შეგდებული. „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ბელგიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 42 გოლია, მანამდე კი „ანდერლეხტის“ მაისურით 41, ხოლო „ვესტ-ბრომვიჩის“ შემადგენლობაში 17 გოლი აქვს გატანილი.
ასე რომ, რომელუ ლუკაკუ საკუთარ ისტორიას წარმატებით წერს.





