13 თვიანი პაუზის შემდეგ დიადი კორტს დაუბრუნდება. სამწუხაროა, რომ ეს რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ მოხდება, იქ სადაც როჯერ ფედერერმა ჯერჯერობით თავისი ბოლო მეიჯორი მოიგო.
შვეიცარიელმა ლეგენდამ, 2020 წლის იანვარში ბოლოს სწორედ მელბურნის კორტებზე ითამაშა და მას შემდეგ უქმობს. დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონი ჩოგბურთს 8 მარტს დოჰას ტურნირზე დაუბრუნდება.
„მე ისევ მსურს დიდი გამარჯვებები ვიზეიმო. ამისთვის კი მზად ვარ გრძელი და რთული გზაც უკვე მერამდენედ გავიარო. ვფიქრობ, ახლა ისევ დადგა შესაფერისი დრო ძალები კვლავ მოვსინჯო.
დოჰას ტურნირის შემდეგ, მსურს კიდევ ერთ შეჯიბრზე ვითამაშო, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ გავაგრძელებ ინტენსიურ ვარჯიშს და უკვე გრუნტის სეზონისთვის მოვემზადები. შემდეგ კი პრიორიტეტული ჰალეს შეჯიბრი, თავისთავად უიმბლდონი და რა თქმა უნდა ოლიმპიური თამაშები იქნება“ – ამბობს როჯერ ფედერერი.