ვინ შეაჩერებს მიუნხენის „ბაიერნს“? ფაქტია, რომ ზედიზედ მეორე სეზონია, ჩემპიონთა ლიგაზე დიტერ ფლიკის შეგირდებს სათანადო წინააღმდეგობას ვერავინ უწევს და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ გერმანული გრანდი მიმდინარე სეზონშიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია.
ჯგუფური ეტაპის ღიღინ-ღიღინით ჩათამაშების შემდეგ, „ბაიერნმა“ პლეიოფის პირველ მატჩში, რომში „ლაციოს“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და 4:1 გაანადგურა. მიუნხენელთა გამარჯვებაში გასაკვირი არაფერია. როგორც ვთქვით, რობერტ ლევანდოვსკი და კომპანია ტიტულის შენარჩუნების უმთავრესი კანდიდატები არიან.
ამასობაში კი საფეხბურთო სტატისტიკოსებმა დაადგინეს, რომ „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაუმყარებია. „ლაციოსთან“ გამარჯვება მიუნხენელებისთვის შედეგთან ერთად სხვა მხრივაც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-17 მატჩი არ წააგო და ამ მაჩვენებლით „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიღწევა გააუმჯობესა.





