ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. სპორტსმენის კარიერა კი ისეთი ხანგრძლივი არ არის, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლების. მაგალითად, ბუღალტერი ან ჟურნალისტი მთელი ცხოვრება იქნები და საკუთარი საქმით სიამოვნებას მიიღებ, მაგრამ სპორტში ხომ ასე არ ხდება? მაქსიმუმ 10-15 წელი და მაღალი მიღწევების სპორტში შენი ადგილი აღარ არის.
რა თქმა უნდა, ჩოგბურთის მოყვარულთ და არა მხოლოდ მათ, ალბათ წარმოდგენაც არ სურთ როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ან რაფაელ ნადალი კორტს მიღმა, მაგრამ ისიც ყველას გათავისებული აქვს, რომ ეს დღეც ადრე თუ გვიან დადგება.
გრუნტის მეფე და თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რაფაელ ნადალი კი ჯერ ამის თაობაზე არ ფიქრობს, რაც ჩოგბურთის ქომაგებს ნამდვილად ახარებს.
„წარმოდგენა არ მაქვს ეს დღე როდის დადგება. სიმართლე გითხრათ, ამაზე არასოდეს მიფიქრია. სანამ ჯანმრთელობა და ფიზიკური კონდიციები ხელს შემიწყობს, ასევე შემეძლება ღირსეული კონკურენცია გავუწიო კორტზე მეტოქეებს, მანამდე ჩოგბურთის თამაშისგან სიამოვნებას მივიღებ.
ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამის გადაფასებას იწყებ. ტურნირების კალენდარსაც ყურადღებით ადგენ და ცდილობ ორგანიზმს მოუსმინო. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტშიც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ჯანმრთელობაა“ – აღნიშნავს რაფაელ ნადალი.
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, რაფა ისვენებს და კორტს მაიამის მასტერსზე დაუბრუნდება, რომელიც სტარტს 24 მარტს აიღებს.





