„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
მალე კი პრემიერ-მინისტრის ამ მოწოდებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ილია დარჩიაშვილის ბრიფინგი მოჰყვა, რომელმაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გვამცნო.
„საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ 28 მარტს საქართველოს და ესპანეთის საფეხბურთო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან, ოღონდ ყველანაირი რეგულაციების დაცვით. სტადიონზე დაიშვება ტევადობის 30% და რაც მთავარია ისინი ტრიბუნაზე დისტანციის დაცვით დასხდებიან“ – აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
ასევე, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა არ იხსნება, თუმცა მატჩზე დამსწრები გულშემატკივრებისთვის გამონაკლისი იქნება დაშვებულით. თუ რა ფორმით შეძლებენ ქომაგები დასწრებას და შემდგომ გადაადგილებას, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





