სამეფო სპორტს არაერთი ლამაზმანი ჰყავს, რომელთა ცქერაც ესტეთიურ სიამოვნებას გვგრის და ხანდახან პულსსაც აჩქარებს.
ფიზიკური სილამაზის გარდა, ბევრი მათგანი კორტზეც კარგად ყოჩაღობდა და ჩოგბურთში თავიანთი კვალი დატოვეს. ერთ-ერთი მათგანი უსათუოდ მარია შარაპოვა იყო, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი, კერძოდ კი უიმბლდონი 17 წლის ასაკში მოიგო და ერთი ხანობა მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო.
შარაპოვამ კარიერა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა და როგორც ჩანს ამის გამო დეპრესიაში სულაც არ ჩავარდნილა. პირიქით, თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილიც არის.
„2020 წელი ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდით და გვსურდა ყოფილიყო, თუმცა ამაზე მხოლოდ მე ვერ დავიწუწუნებ. გლობალურმა გამოწვევამ მსოფლიო არია და ყველას პრობლემები შეუქმნა.
წლის დასაწყისში, როდესაც პანდემია ჯერ კიდევ არ მძვინვარებდა და მსოფლიოც ჩვეულ რიტმში ცხოვრობდა, მე მეყო ძალა პროფესიონალურ სპორტს დავმშვიდობებოდი. უარი მეთქვა იმისთვის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად ვიცოდი, თურმე რა კარგ დროს დამისრულებია კარიერა.
ამის შემდეგ კი ცხოვრებამ საუკეთესო საჩუქარი გამომიგზავნა. ახლა, ყოველ დილით მე ვიღვიძებ საუკეთესო მეგობართან და საყვარელ ადამიანთან ერთად. რა ბედნიერებაა, რომ ასე გაგრძელდება მთელი ცხოვრება. 2021 წლისგან ყველაფერ საუკეთესოს ველოდები“ – აღნიშნა მარია შარაპოვამ.








