კვირას, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის დასკვნით ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუსეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 18:00 საათზე აიღებს სტარტს და კორონავირუსის პანდემიის გამო, ცარიელ ტრიბუნებზე გაიმართება.
ტრადიციულად, თბილისში გამომგზავრებამდე, როგორც რუსი დათვების მწვრთნელები, ისე რაგბის კავშირის ხელმძღვანელები ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არ ერიდებიან და ამბობენ, რომ „ბორჯღალოსნებს“ აღნიშნულ მატჩში მათგან სიურპრიზი ელით.
მედიასთან ამჯერად რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იგორ არტემიევმა ისაუბრა.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რაგბი ნომერ პირველი სპორტის სახეობაა. ქართველებმა ბოლო წლებში თამაშის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესეს. რეალობა ასეთია, მათთან 1992 წლის შემდეგ არ მოგვიგია და ამ ტრადიციის შეცვლა გვსურს. ქართველებს პლაჟის და 7-კაცა რაგბიში ვუგებთ, მაგრამ მთავარი 15-კაცა რაგბიში გამარჯვებაა.
ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის სიურპრიზის შეთავაზება შეგვიძლია. ჩვენ ამისთვის დიდი ხანია ვემზადებით და იმედი მაქვს ბიჭები თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ.
მათ უკვე გაინაღდეს ჩემპიონობა და სანერვიულო არაფერი აქვთ. ამავდროულად, ქართველები რუსეთთან ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობენ და ამის გამო საკმაოდ რთული შეხვედრა გველის. ჩვენც სერიოზულ გუნდად განგვიხილავენ, მაგრამ ფავორიტები რა თქმა უნდა ისინი არიან, თუმცა ჩვენი ამოცანა სწორედ ფავორიტებთან გამარჯვებაა“, – ამბობს იგორ არტემიევი.








