საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეშვიდე საშეჯიბრო დღე დატვირთული გამოდგა. ოლიმპიურ სარბიელზე ოთხი სახეობის ამდენივე წარმომადგენელმა იასპარეზა და მათ შორის ერთმა მედლით დაწერა ისტორია, მეორემ უნიკალური შედეგით.
ქართული ძიუდოს სკოლისთვის განსაკუთრებული გამოდგა ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მისი კოლეგების მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც შვიდივე წონაში იყო წარმოდგენილი, წარმატებით იასპარეზა და ოთხში მედალი მოიპოვა, აქედან ერთი უმაღლესი სინჯისაა, სამი ვერცხლის მედალია. ამ მაჩვენებლით ჩვენი კაცთა ნაკრები მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა.
ჯილდოების რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოლიმპიურ ტატამზე ამდენი მედალი არასდროს მოუპოვებია. მათ შორის, არც საბჭოთა ეპოქაში.
მედალოსანი ოთხეულიდან ჩემპიონობა ლაშა ბექაურმა მოიპოვა (90 კგ), ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილს, რომელსაც სამივე ხარისხის ოლიმპიური მედალი აქვს და ამ მხრივ ისიც პირველია. და ბოლოს, ძიუდოისტთა პირადი პირველობა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ევროპული თამაშების გამარჯვებულის, გურამ თუშიშვილის მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ვერცხლის მედლით დაგვირგვინდა.
მომავალი ფინალისტი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო. ჯერ ტაჯიკი თემურ რახიმოვი დაამარცხა ორი ვაზარით, ანუ იპონით. ამასთან, ბოლო გდება ბოლო წამზე შეასრულა. შემდეგ, ოლიმპიური თამაშების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ბრაზილიელ რაფაელ სილვას სამი გაფრთხილება მიაღებინა წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
გურამმა ნახევარფინალში ჯერ გვანერვიულა, შემდეგ კი ეფექტურად მოუგო ორთაბრძოლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს და ევროპის ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს ტამერლან ბაშაევს. რუსი ვაზარით დაწინაურდა, რასაც ერთ წუთში ქართველის საპასუხო ვაზარი და ბოლოს იპონი მოჰყვა. შედეგად, თუშიშვილმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველ მძიმეწონოსანს გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან, რიოს თამაშების ოქროს მედალოსან ჩეხ ლუკას კრპალეკთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. ჩეხი ბრძოლას თავის არიდებდა და ორჯერ გააფრთხილეს. ერთი შიდოც და მეტოქე დამარცხებულად გამოცხადდებოდა, მით უმეტეს, რომ თუშიშვილი კვლავაც შემართებით ასპარეზობდა, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე 27 წამით ადრე ჩეხმა ქართველი ვაზარზე დააგდო და შებოჭა.





