შოთა არველაძის მიმართ, არა მხოლოდ ქართული მედიის და ქომაგების, არამედ უცხოური პრესის ინტერესიც დიდია. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩვენი თურქი კოლეგები აქტიურობენ და ქართველი მწვრთნელის მომავალს სუპერლიგის სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.
ჯერ იყო და 47 წლის ქართველი სპეციალისტი „ტრაბზონსპორში“ და „ქაისერში“ დააბრუნეს, ახლა კი კიდევ ერთი თურქული გუნდი ამოტივტივდა. როგორც ერთ-ერთი გამოცემა, კერძოდ yeniasir იუწყება, შოთა არველაძის სამსახურით სუპერლიგის გუნდი „გიოზტეპეა“ დაინტერესებული, რომელიც მიმდინარე სეზონში მძლავრად ვერ გამოიყურება და სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-13 ადგილზეა.
სწორედ არასახარბიელო შედეგების გამო, კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი ილჰან პალუტა გაათავისუფლა და ვაკანტური თანამდებობაზე შოთა არველაძეს უმიზნებენო, თუმცა ჩვენებურის გარდა სიაში კიდევ ორი მწვრთნელი – უნალ კარამანსა და რეშიტ აქჩაი ფიგურირებენ.
როგორც თურქული გამოცემა წერს, „გიოზტეპეს“ ბოსებს ყველაზე მეტად თანამშრომლობა ქართველ მწვრთნელთან სურთ, მაგრამ საქმის მოკვარახჭინებას ფინანსური მხარე ამუხრუჭებსო. ამბობენ, შოთა არველაძესთან ხელფასზე ვერ შეთანხმდენო. თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც თურქული გამოცემიდან ვიტყობთ, ქართველ მწვრთნელს ჯამაგირის სახით 6 თვეში 500 ათასი ევრო მოუთხოვია, რაზეც „გიოზტეპე“ არ დათანხმდა, რადგან ხელფასის ოდენობა ეძვირაო.
მოკლედ, ასეა თუ ისე, იმედია შოთა არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას მალე განაახლებს. შემოთავაზებები მას მართლაც ბევრი აქვს და ალბათ ოპტიმალურ ვარიანტს აარჩევს.





