ფული ხელის ჭუჭყიაო უთქვამთ, თუმცა კაცობრიობისთვის ალბათ ყველაზე საჭირო „სიბინძურე“. არა გვგონია, მისგან გაჭუჭყიანება ისეთივე აუტანელი იყოს როგორიც არაჰიგიენურობაა.
…მაგრამ მიუხედავად საჭიროებისა, ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო, მითუფრო ისეთი პოპულარული სპორტის სახეობის არბიტრმა, როგორიც ჩოგბურთია.
თანამედროვე სპორტი და ფსონები დღევანდელ რეალობაში ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ვთქვათ მჭადი და ყველი. არაერთ მოქმედ სპორტსმენს ვერ გაუძლია ცდუნებისთვის და საკუთარ თამაშზე ფსონი გაუკეთებია.
ცნობილი გამოთქმაა – არ არს არაფერი დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო. ადრე თუ გვიან ყველაფერს ფარდა ეხდება.
ასე მოხდა, ფრანგი საჩოგბურთო მსაჯის დავიდ როშეს შემთხვევაშიც, რომელიც ხაზის არბიტრი გახლავთ. გამოძიებით გამოირკვა, რომ მან 2019 წელს, სხვადასხვა მატჩებზე 11 ფსონი გააკეთა. ვერ გეტყვით, ჯამში რაიმე იხეირა თუ არა, მაგრამ 18 თვიანი დისკვალიფიკაცია კი მიესაჯა. ფსონების გაკეთების გარდა, მას ბრალი გამოძიებასთან არ თანამშრომლობაშიც დასდეს.
დავით როშეს, დისკვალიფიკაციის გარდა, ჯარიმის სახით 5 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრა.








