მაქს კილმანი – შესაძლოა ეს სახელი და გვარი ფეხბურთის მოყვარულთ ბევრს არაფერს ეუბნებოდეს. 23 წლის ფეხბურთელი ამჟამად „ვულვერჰემპტონის“ ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში უკვე 15 მატჩის გამართვაც მოასწრო.
ეს ინგლისელი ფეხბურთელი ჩვენი და ალბათ ბევრი სხვა გამოცემის ყურადღებას არც მიიპყრობდა რომ არა ერთი გარემოება. მაქს კილმანს უკრაინის ნაკრებში თამაში სურს. ამის შესახებ უკრაინულმა მხარემ ფიფას ოფიციალურადაც აცნობა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.
ფიფამ უკრაინელებს უარი სტკიცა. საქმე იმაშია, რომ მაქს კილმანს არა ფეხბურთში, არამედ ფუტზალში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი უთამაშია. ეს გარემოება კი არ იძლევა საშუალებას, კილმანმა რომელიმე სხვა ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას.
თავად მაქს კილმანიც მზად იყო უკრაინის ნაკრებში სათამაშოდ და მოქალაქეობის მიღებასაც აპირებდა. აქვე ისიც დავძინოთ, რომ კილმანის დედა უკრაინელია, თავად კი ლონდონში დაიბადა და გაიზარდა და შესაბამისად ინგლისის მოქალაქეა.
ასე რომ, 23 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელს ისღა დარჩენია რამენაირად ინგლისის ნაკრებში მოხვედრაზე იზრუნოს და საუთგეიტის ყურადღება მიიქციოს.





