აბა, წაგებული მატჩის შემდეგ, რომელი სპორტის სახეობაც არ უნდა იყოს, კმაყოფილება როგორ უნდა გამოთქვა, მაგრამ თუ „დინამოს“ გუშინდელ უსუსურ თამაშს გავითვალისწინებთ, ევროპის მასშტაბით საკლუბო წყალბურთის ნამდვილ მოსნტრთან მარცხი დიდად არ უნდა გავიკვირვოთ.
უკვე ის ფაქტი, რომ თბილისის „დინამო“ , კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის არის და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს მისასალმებელი და მაგარი ამბავია, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და გერმანულ „ვასპო ჰანოვერთან“ კრახს მაინც არ ველოდით. უფრო მეტიც, სულაც მოგების იმედი გვქონდა.
როგორც ჩანს, გერმანულ გუნდთან ფიასკოდან, ქართველმა წყალბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ასე თუ ისე სწორი დასკვნები გამოიტანეს, ბევრი რამ გააანალიზეს და დღეს უნგრულ „ფერენცვაროშთან“ გაცილებით ღირსეულად გამოიყურებოდნენ. მართალია, ანგარიშში სხვაობა ამჯერადაც სოლიდური იყო, თუმცა გულზე ხელი რომ დავიდოთ და ვთქვათ, გაცილებისთ დიდი სხვაობით მარცხიც არ იქნებოდა მოულოდნელი.
ისე კი, „ფერენცვაროშმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის გამარჯვებულია და მიმდინარე გათამაშებაშიც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება თბილისის „დინამოს“ 11:4 მოუგო.
ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის ე.წ. „ბაბლში“, თბილისის „დინამო“ მომდევნო მატჩს 4 მარტს იტალიურ „ბრეშასთან“ გამართავს.





