„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. ქალაქელებმა დორტმუნდს განმეორებით დაპირისპირებაშიც იგივე ანგარიშით – 2:1 სძლიეს.
მანჩესტერული გრანდისთვის მატჩი უსიამოვნოდ დაიწყო. ანგარიში დორტმუნდელებმა გახსნეს, თუმცა პეპ გვარდიოლას შეგირდები გონს მალე მოეგნენ და მასპინძლებს ორი გოლი გაუტანეს.
აი, რა თქვა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ.
„განსაკუთრებული გრძნობაა. „სიტისთან“ ერთად ნახევარფინალში მეორედ გავედი. ამ გუნდს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ ჩვენ ერთად დავწერთ ახალს. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ მსოფლიოს 4 საუკეთესო გუნდში მოვხვდით. პირველი და მეორე ტაიმის ბოლო 30 წუთი ჩემმა გუნდმა საოცრად ითამაშა.
ფოდენი გატანილი გოლის შემდეგ ჩემთან გამოიქცა. მე მას ვუთხარი, რომ კარგი დარტყმა იყო და მადლობა გადავუხადე. ფილი ჩემთან ჩახუტებით მთელ გუნდს ჩაეხუტა. სასწაულია ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ღამე გამარჯვებას აღვნიშნავთ, ხოლო შემდეგ დავისვენებთ და ძალებს აღვიდგენთ.”





