1995 წლის 15 დეკემბერს, ნაკლებად ცნობილმა ბელგიელმა ფეხბურთელმა ჟან-მარკ ბოსმანმა უეფას სასამართლო პროცესი მოუგო.
შედეგად, საფუძვლიანად დაანგრია ფეხბურთში არსებული სატრანსფერო სისტემა. მსოფლიოში ნომერ პირველი სპორტი რადიკალურად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად 22 წლის წინ, მსოფლიო საფეხბურთო რევოლუციის მომსწრე გახდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და დღემდე არ წყდება კამათი ამ საქმის თაობაზე. დღემდე ისმის კითხვა, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფეხბურთს არგო თუ ავნო. ალბათ ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. ბოსმანის საქმემ ფეხბურთისთვის კარგიც გააკეთა და ცუდიც, თუმცა, ჯერ ბოსმანის საქმის სათავეები გავიხსენოთ.

იმხანად ევროპული ფეხბურთი დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავებული კანონებით ცხოვრობდა. კერძოდ, კლუბს მინდორზე სამ ლეგიონერზე მეტის გაყვანის უფლება არ ჰქონდა, ხოლო ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მოთამაშე მაინც კლუბზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს იქცა ბოსმანისთვის მთავარ უბედურებად. ჟან-მარკი ,,RFC ლიეჟის” ღირსებას იცავდა, როცა ამ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მიწვევა მიიღო მოკრძალებული ,,დიუნკერისგან“, რომელიც ჟან-მარკს ძირითადში ადგილის გარანტიას აძლევდა.

,,ლიეჟმა” ბოსმანის გაშვება არ ისურვა და ფეხბურთელს შესთავაზა ახალი კონტრაქტი, რომელშიც ბოსმანის ხელფასი განახევრებული იყო. ჟან-მარკმა ამ კონტრაქტზე უარი თქვა და კლუბმაც კანონის დაცვით ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. ბოსმანი დაახლოებით მილიონ დოლარად შეაფასეს. ,,დიუნკერს” ამდენი ფული არ ჰქონდა და ბოსმანი ხახამშრალი დარჩა. საქმე ის არის, რომ მილიონი იმ პერიოდში მცირე თანხა იყო და ბოსმანში ამ ფულს არავინ გადაიხდიდა. ასე რომ, ჟან-მარკი უკლუბოდ დარჩა და იძულებული გახდა საფეხბურთო კარიერა დაესრულებინა.

შექმნილ ვითარებაში ბოსმანმა ერთადერთი გამოსავალი იპოვა – ბელგიურ სასამართლოს მიმართა. ბელგიაში კი სასამართლო სწრაფად და, რაც მთავარია, მიუკერძოებლად მუშაობს. თავიდან ჟან-მარკი მხოლოდ კლუბ ,,ლიეჟს” უჩიოდა, მაგრამ შემდეგ მის ადვოკატებს მადა გაეხსნათ და გაჩნდა პარალელური სარჩელები ბელგიის ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წინააღმდეგ. პირველი სარჩელი ,,თავისუფალი აგენტის” სტატუსის გაჩენას ეხებოდა, მეორე კი – ,,ლეგიონერის” გაგების.

სასამართლო გარჩევა ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად უეფა ამ საქმეს სერიოზულად არ აღიქვამდა, მაგრამ ბოსმანს ჰყავდა კარგი ადვოკატი, ჟან-ლუი დიუპონი, რომელიც თუ საქმეს ხელს მოჰკიდებს, ის ბოლომდე მიჰყავდა. ერთი სიტყვით, ბელგიური სასამართლო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უეფას კანონები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ძირითად კანონებთან. კერძოდ, ევროპაში აკრძალულია ადამიანისთვის კონტრაქტის დასრულების შემდეგ სხვა სამუშაოს ძიებასა და გადაადგილებაში დაბრკოლების შექმნა. ამავე დროს ლეგიონერის სტატუსი აღარ ეხებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. ასე რომ, უეფას მიერ წლობით ნაშენები სატრანსფერო სისტემა ერთი ხელის მოსმით დაინგრა.
,,მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ სასამართლოს ჩემთან დაკავშირებით აღედგინა სამართლიანობა“, – ამბობს ბოსმანი.

თუმცა ჟან-მარკმა თავისდაუნებურად ,,პანდორას ყუთი” გახსნა. მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი გაღარიბდნენ. მას შემდეგ, რაც დიდ კლუბებს ლეგიონერებზე ლიმიტი გაუუქმეს, მათი სატრანსფერო შესაძლებლობები და მადა განუსაზღვრელი გახდა. იმ დღიდან მხოლოდ 15 წლის შემდეგ დაიწყო საქმის გამოსწორება. უეფა ცდილობს ბოსმანის საქმის ნეგატივის ნეიტრალიზებას.
ბოსმანი, სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ის ევროპულ ფეხბურთში პერსონა ნონ გრანტად იქცა. რევოლუციონერის აყვანა არც ერთმა კლუბმა არ ისურვა. ჟან-მარკმა სმა დაიწყო, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ცოლ-შვილმაც მიატოვა. მას არავითარი შემოსავალი არ ჰქონდა. ჰოლანდიაში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებიც მის საქმეს არაოფიციალურად უჭერდნენ მხარს, ჟან მარკს ფულს უგროვებდნენ. ბოსმანს იმედი ჰქონდა, რომ პროცესის მოგებით, სულ მცირე, 10 მილიონს მაინც მიიღებდა, მაგრამ სასამართლომ კლუბ ,,ლიეჟს” მის სასარგებლოდ მხოლოდ 500 000-ის გადახდა დააკისრა. ამ თანხის დიდი ნაწილი ბოსმანმა ადვოკატებს გადაუხადა.

უდიდესი საფეხბურთო რევოლუციის ავტორი არ ნანობს იმას, რაც მოხდა. ,,ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ცუდი და კარგი ადრეც იყო და ახლაც არის. მე ფეხბურთელი ვიყავი და ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოდი“, – აცხადებს ჟან-მარკ ბოსმანი, რომელიც სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც თითქმის მარტომ დაამარცხა უდიდესი სისტემა. მან სასამართლოში რამდენიმე უდიდესი ბრძოლა მოიგო, თუმცა გამარჯვებულს მაინც არ ჰგავს.





