საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის გაცილების ცერემონიას დაესწრო და სპორტსმენებს მოახლოებულ შეჯიბრზე წარმატებები უსურვა.
„პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ გვჭირდებით თქვენ.
ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ, როგორც ვართ ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ავღანეთში, ძალიან რთულ პირობებში და ღირსეულად ატარეს საქართველოს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ ხვალ, ზეგ საქართველოს სახე. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. უკვე ხართ გამარჯვებული და ჩვენც ვართ თქვენთან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 23-დან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.








