საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა. 25 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა, ესპანურ კლუბსა და მის გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.
“ჩემი დრო ტენერიფეში ამოიწურა. ეს სპორტული თვალსაზრისითი რთული წელიწადი იყო და ფეხბურთისგან იმდენი სიამოვნება ვერ მივიღე, რამდენიც მსურდა. გასახდელში დიდ პროფესიონალებთან ერთად მომიხდა ყოფნა, რომლებიც პირველ რიგში, ბრწყინვალე ადამიანები იყვნენ და ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან.
მსურს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, კლუბის პერსონალსა და თანაგუნდელებს იმ თანადგომისთვის, რომელსაც პირველი დღიდან, ჭირსა თუ ლხინში, ყოველთვის ვგრძნობდი”, – წერს ოთარი ინსტაგრამზე.
კაკაბაძის ანგარიშზე ეროვნული ნაკრების 41 მატჩში 4 საგოლე პასია.ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში 2020/21 წლების სეზონის წინ, შვეიცარული ლუცერნიდან გადავიდა და კლუბის მაისურით ლა ლიგა 2-სა და ესპანეთის თასზე ჯამში 19 მატჩში ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა ლა ლიგა 2 ცხრილში მე-14 ადგილზე დაასრულა.
სად გააგრძელებს საქართელოს ნაკრების მარჯვენა მცველი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.








