25 მარტს, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი, ახალ მწვრთნელთან ერთად გადაიშლება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შევედეთის წინააღმდეგ, ვილი სანიოლის დებიუტი შედგება. ფრანგმა სპეციალისტმა ნაკრების შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ დაასახელა და შემდეგ სახელდახელო პრესკონფერენციაც გამართა.
ახლა კი ირკვევა, რომ ვილი სანიოლის ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. თორნიკე ოქრიაშვილს მარტის მატჩების გამოტოვება მოუწევს. ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო და ეროვნულ ნაკრებთამ ერთად ვეღარ იქნება.

ვილი სანიოლიმ ოქრიაშვილი ვაკო გვილიათი ჩაანაცვლა. პოლონეთის „ლეგიაში“ მყოფი ქართველი ფეხბურთელი პირველ განაცხადში ვერ მოხვდა, რაც შესაძლოა ცოტა გასაკვირიც ყოფილიყო.
ეროვნული ნაკრები შეკრებას 22 მარტს თბილისში იწყებს და გვილიაც გუნდს აქ შეუერთდება. ორი სრულფასოვანი ვარჯიშის შემდეგ კი ჯვაროსნები გეზს სტოქჰოლმისკენ აიღებენ.








