საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კარიერას ბოლონიის “ვირტუსში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქართველმა კალათბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა 30 წლის ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა:
“ვფიქრობ, სიტყვები უძლურია, იმის წარმოსაჩენად თუ როგორი მადლიერი ვარ ჩვენი პრეზიდენტის, მასიმო ზანეტისადმი ამ ბოლო ტრანსფერი გამო, რომელიც თოკო შენგელიას მსგავსი დიდი მოთამაშის მოსვლას ითვალისწინებდა. თოკო კიდევ უფრო გაზრდის ტექნიკურ არსენალს და გამოცდილებას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში მოლაპარაკება მოთამაშის წარმომადგენლებთან წარმატებით წარმართა ჩვენმა გენერალურმა მენეჯერმა პაოლო რონჩიმ. თოკოს მოსვლა, რომელიც მზად არის ჩვენი გუნდის მაისური ჩაიცვას, მიუხედავად სხვა მნიშვნელოვანი შეთავაზებებისა, ადასტურებს ბოლონიის “ვირტუსის” იმიჯს ევროპულ კალათბურთში.“ – განაცხადა ლუკა ბარალდიმ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბოლოს რუსული ცსკა მოსკოვის ღირსებას იცავდა, საიდანაც უკრაინაში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ წამოვიდა.
30 წლის კალათბურთელს სხვადასხვა დროს ასევე, “ვალენსიაში”, შარლერუაში”, “პეპინსტერში”, “ბასკონიაში”, “ბრუკლინ ნეტსსა” და “ჩიკაგო ბულსში” უთამაშია.
🔊 TORNIKE SHENGELIA È BIANCONERO ⚪️⚫️
Welcome Toko 🔥👋🏻@TokoShengelia23 #thisisVirtus #thisisUs #WelcomeToko pic.twitter.com/OOygRKLhK0— Virtus Segafredo Bologna (@Virtusbo) March 7, 2022








