ძმები კლიჩკოებისა და ვასილი ლომაჩენკოს შემდეგ უკრაინულ ჯარს კრივში მძიმე წონაში მოქმედი ჩემპიონი, ოლექსანდრ უსიკიც შეუერთდა.
ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უსიკი უკრაინაში ჩასვლას თავს არიდებდა, თუმცა ჩემპიონი სამშობლოშია და უკრაინის რუსული აგრესიისგან დასაცავად მზად არის.
ოლეკქსანდრ უსიკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამშობლოს თავგანწირვით დაიცავს.
“არ მსურს ვინმეს რამე დავუშავო, ადამიანის მოკვლაზე ფიქრი ჭკუიდან მშლის, მაგრამ არჩევანი არ გამაჩნია, ჩემი სამშობლოს მტერი ჩემიცაა, ჩვენი ბავშვების მკვლელი დანდობას არ იმსახურებს.
ჩემი სული უფლის საკუთრებაა, სხეული და ღირსება კი ჩემი სამშობლოსა და ოჯახის.
შიში არ გამაჩნია, ჩემი მიწა სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა დავიცვა”, – წერს უსიკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით უკრაინას ომი 24 თებერვალს გამოუცხადა. ერთ კვირაზე მეტია უკრაინის ქალაქები რუსი აგრესორების მიერ აქტიურად იბომბება, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.








