ერთი შეხედვით „სტემფორდ ბრიჯზე“ ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს, მაგრამ გამარჯვებაზეც ხომ უარს არავინ ამბობს.
„ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება პრემიერლიგის ამ ტურის უდავოდ ცენტრალური დაპირისპირება იყო, რომლის ირგვლივაც საუბარი ალბათ კიდევ დიდხანს არ შეწყდება. პირველ ტაიმში, არბიტრმა სტუარტ ეტუალმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციების შემდეგ, როდესაც არისტოკრატთა ფეხბურთელს ჰადსონ ოდოის ბურთი ხელზე მოხვდა მანჩესტერელთა სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.
წითელი ეშმაკების მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერიც ამის გამო აღშფოთებას ვერ ფარავს.
„არ მიყვარს პოლემიკაში შესვლა და მითუმეტეს არბიტრებზე საუბარი, მაგრამ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო? რატომღაც მსაჯმა და ვიდეორეფერიმ ერთობლივად ჩათვალეს, რომ ჰადსონ ოდოის ბურთი ხელზე კი მოხვდა, მაგრამ ეს უწყინარ სიტუაციაში მოხდა. არადა, წესებში ხომ წერია, ნებისმიერი ხელის თამაში ჯარიმაა.
ერთი თვის წინ, მსგავს სიტუაციაში მსაჯებმა და ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ მიიღეს და პენალტი მოგვცეს. მაშინ, იმ ამბავს დიდი ხმაური და განსჯა მოჰყვა მეტოქე გუნდის მწვრთნელის და სხვა სპეციალისტების მხრიდანაც. ახლა კი ჩვენთვის არასასურველი რამ მოხდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძველი ამბის გამოძახილია. მწვრთნელები მსაჯებზე დიდ ზეგავლენას ახდენენ“ – აღნიშნავს ოლე გუნარ სულშერი.





